გირჩი - მეტი თავისუფლება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას აქვეყნებს.
პარტია მიიჩნევს, რომ გამარჯვების ფორმულა უპრეცედენტო კონსოლიდაციაში, მკაფიო მოთხოვნებში, დასავლელი პარტნიორების ერთმნიშვნელოვან გზავნილებსა და მშვიდობიან აქციებშია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მნიშვნელოვანია, მთავრობაზე წნეხი არ შესუსტდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი პარტია კონკრეტულ ნაბიჯებს ასახელებს.
ყველას გაინტერესებთ რა არის ახლა გასაკეთებელი, ამიტომ ამ პოსტში გეტყვით ჩვენ როგორ ვუყურებთ შექმნილ სიტუაციას და როგორ წარმოგვიდგენია შემდეგი ნაბიჯები:
ივანიშვილმა ვერ გაიგო ან არ გაიგო, რომ საქართველო ევროპაა და ჩვენს დასავლურ კურსს ალტერნატივა არ აქვს. ამის დასტურია ღარიბაშვილის გუშინდელი თავხედური ინტერვიუ და მშვიდობიანი დემონსტრანტების გაშავების უბადრუკი მცდელობა.
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, ხელისუფლების უპრეცედენტო ძალადობის ფონზე, ათობით ათასი მოქალაქის უკომპრომისო ბრძოლაში შუალედურმა გამარჯვებამ, ნათლად აჩვენა ყველას, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომ პუტინისტურ-რუსულ ხელისუფლებას არანაირი მანდატი არ გააჩნია საქართველოს მოსახლეობაში (რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით ზედიზედ გაყალბებული რამდენიმე არჩევნების გამო) და ჩვენ, ყველას ერთად, შეგვიძლია ვაიძულოთ ივანიშვილი ისეთ დათმობებზე წამოვიდეს, რომლებიც გაზრდის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსს და დააჩქარებს დასუსტებული და მავნებელი რუსული ხელისუფლების ცვლილებას საქართველოში.
გამარჯვების ფორმულა, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მდგომარეობს შემდეგში:
1) უპრეცედენტო კონსოლიდაცია! სტუდენტები, ხელოვანები, სპორტსმენები, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური სპექტრი, ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო.
2) მკაფიო და კონკრეტული მოთხოვნები!
3) ერთმნიშვნელოვანი გზავნილები დასავლელი პარტნიორებისგან!
4) ხალხმრავალი, მშვიდობიანი და უტეხი წნეხი ქუჩიდან!
შექმნილ სიტუაციაში და წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობაზე ანალოგიური წნეხი არ შესუსტდეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა სოციალურად აქტიურმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ, უნდა მოვითხოვოთ:
1) გაუქმდეს აქციებზე დაკავებულებისთვის ნებისმიერი სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
2) დაიწიოს საარჩევნო ბარიერი პოლარიზაციის შესამცირებლად;
3) გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
4) სასამართლო გათავისუფლდეს კლანის და პოლიტიკური გავლენებისგან;
5) განეიტრალდეს სუს-ის გავლენა საარჩევნო პროცესზე;
6) შეწყდეს დეფაქტო თანამდებობის პირების მხრიდან ანტიდასავლური პროპგანდა
7) მოხდეს უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, მათ შორის დეფაქტო პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტით ჩამოთვლილი ნაბიჯების ერთობლიობა და უწყვეტი და მტკიცე პროტესტი, ჩვენი აზრით, ერთადერთი გზაა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი წელს, დეკემბერში, და დავაჩქაროთ პუტინისტურ-რუსული, დასუსტებული და მავნებელი ხელისუფლების ცვლილება.
"გირჩი - მეტი თავისუფლება"-ს დაწყებული აქვს ამ საკითხებზე კონსულტაციები ჩვენს არსებულ პარტნიორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ"- ნათქვამია განცხადებაში.